20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებულს გირაო შეუფარდეს

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გირაო გაფორმდა მათთან, ვინც ითანამშრომლა პროკურატურასთან.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.

პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას  ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა საქმეზე რვა პირი დააკავეს, მათ შორის ერთი – განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა.

ხუთ პირს – ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ),  ხოლო ორ პირს – სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ბრალდების საქმეზე) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მკვლელობაში ბრალდებული 1 პირი და ხულიგნობაში ბრალდებული 2 პირი პატიმრობაში დატოვა, ხოლო ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ 5 პირს შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – განმარტავენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის დაბადების დღეზე მოკლეს. მკვლელობის მიზეზად კი მხრის გაკვრა სახელდება, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

 

მსგავსი თემები