კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული

კვლევითი ცენტრის PMCG-ის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული. ცენტრის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.

ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

„საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ქვეყნიდან ემიგრაცია ხასიათდება, როგორც შრომითი მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით (უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და დაბალი ხელფასები). სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.

2012 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია (გაანალიზებულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სხვა ფაქტორებთან ერთად, 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა. 2018 წლიდან 2021 წლამდე საშუალოდ მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო. 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო, ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა და გაანალიზებულ პერიოდში ერთადერთი დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (16 ათასი). თუმცა, 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (- 26 ათასი)“,- ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.

მსგავსი თემები