,,სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა”- ლევან იოსელიანი

,,პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა,”- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას.

იოსელიანის თქმით, მოკლე დროში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

„მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა. მათ შეიძლება, რაღაც საერთო ინტერესები ამოძრავებდეთ და ამ საერთო ინტერესებმა გარკვეულწილად განსხვავებული მოქმედება აიძულოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წლებია, ერთმანეთს ლანძღავენ და უშვერ გამონათქვამებს არ იშურებენ, ყველას კარგად გვესმის, ერთმანეთის მეგობარი რომ არ გახდება. ამ შერიგების უკან უფრო ვხედავ პროცესს, რომელიც პოლიტიკაში ურთიერთობის რაღაც სტანდარტს დაამკვიდრებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიები უფრო საერთო ინტერესების ძიებაზე იქნებიან გადასული. პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება, იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და ამას პრეზიდენტი ხელს უწყობს, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაც ხელშესახები შედეგების მიღწევა ამ მოკლე დროში ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები