„მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა“ – პატრიარქის სამძიმრი

საქართველოს საპატრიარქო დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა.

მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი თემები