“ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას” – ლილუაშვილი

„ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ე.წ. ერთიანი ოსეთის გამოგონილი ცნება, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის ერთ-ერთი იდეური საფუძველია“ – აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატებს 2021 წლის ანგარიშს აცნობს.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, საოკუპაციო რეჟიმი არაერთ მავნებლურ ნაბიჯზე მიდის.

„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცისა და ამ კუთხით ინტეგრაციის მხარდამჭერი უამრავი განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის ლეგალიზებისა და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობა უწოდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე განმარტებით, გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სახიფათო ტენდენცია დაფიქსირდა.

„ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ე.წ. ერთიანი ოსეთის გამოგონილი ცნება, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის ერთ-ერთი იდეური საფუძველია. ანექსიის ჭრილშია განსახილველი ასევე რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი. 2021 წელს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოკუპირებულ ცხინვალში მივლენილ თანამშრომლებს ამ ცენტრში ეძლევათ ოპერატიული საქმიანობის საშუალება და ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში.

 

მსგავსი თემები