პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. პლენარულ სხდომაზე  2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტებს სააგენტოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, სააგენტო პარლამენტის შესაბამის სუბიექტებთან აქტიურად თანამშრომლობს.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 2021 წელი გამორჩეული იყო, რადგან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს  რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა. მისივე თქმით, ასევე, მუშაობა დაიწყო კონკურენციის კანონმდებლობის ახალმა რედაქციამ, რითაც  კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გაძლიერდა.

„2021 წლის ივნისიდან დავიწყეთ ანტიდემპინგური პოლიტიკის წარმოება, მაგრამ მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, ჯერ არც ერთი განაცხადი ადგილობრივი კომპანიებიდან არ შემოსულა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ადგილობრივ ინდუსტრიასთან, რათა შესაბამისი პრობლემის დანახვის შემთხვევაში მყისიერად მოგვმართონ“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელმა საანგარიშო პერიოდში ბაზრის მონიტორინგის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2021 წელს დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში არაერთი შეხვედრა გაიმართა. „ჩვენი მონიტორინგის ანგარიშით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს გავეცით პასუხი. მონიტორინგის საფუძველზე მომზადდა 13 რეკომენდაცია, რომელთა დანერგვამ მოქალაქეებს უფრო მეტი არჩევანისა და ბევრად ნაკლები დანახარჯების მიღწევის შესაძლებლობა უნდა მისცეს. მეორე მნიშვნელოვანი მონიტორინგი, რომელსაც ჩვენ 2021 წელს ვახორციელებდით  იყო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარი იყო კონკურენტული და ბრენდულ და არაბრენდულ გასამართ სადგურებზე არჩევანის საშუალებას იძლეოდა. თუმცა 2022 წლის დასაწყისში მდგომარეობა შეიცვალა და ზაფხულის პერიოდში გადაწყვეტილება მივიღეთ დაგვეხურა მონიტორინგი და ახლა გადასულები ვართ მოკვლევის პროცესზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელი, ასევე, შეეხო სააგენტოს მეორე მიმართულებას, რომელიც მოკვლევის პროცესს წარმოადგენს. „2021 წელს ჩვენ 5 ასეთი საქმე დავხურეთ. ერთი ეხებოდა შეთანხმებულ ქმედებას და 7 კომპანიის მიმართ მიდიოდა წარმოება და შესაბამისი ჯარიმებიც იქნა გამოწერილი. მეორე საქმე სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტს ეხებოდა, თუმცა არ იქნა დადასტურებული. სამი საქმე კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე წარიმართა, სადაც ორ შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული 22 ათასამდე კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული და სააგენტომ 3 სექტორში კომპანიების გაერთიანებაზე თანხმობა გასცა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძემ სააგენტოს მიერ 2014-2021 წლებში  გაწეული საქმიანობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და პარლამენტთან თანამშრომლობის და საკითხების სხვადასხვა ფორმატში განხილვის მზაობა დაადასტურა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ირაკლი ლექვინაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მიმართულებებზე დამატებით ისაუბრა.

მსგავსი თემები