საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებული საკანონმდებლო პაკეტები, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს.

საკითხები, რომლებიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტებს მოიცავს, კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, პირველი მოსმენით განხილვის შედეგად კანონპროექტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

მისივე თქმით, შენიშვნა გამოითქვა „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თაობაზე, კერძოდ, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის მოსაკრებლის ოდენობის შემცირების შესახებ.

როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, შენიშვნა გათვალისწინებულია და რეგისტრაციის მოსაკრებელი პროექტით წარმოდგენილი 10 ათასი ლარის ნაცვლად, 5 ათასი ლარი იქნება.

კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში საბანკო ასოციაციის და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია, გამომდინარე კანონპროექტები კი უცვლელი სახითაა წარმოდგენილი.

საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მსგავსი თემები