“გერმანელ ტყვეთა სასაფლაოს აოხრება ელის” – ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი

თბილისის მოსახლეობა მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ “გორაზე” მშენებლობის დაწყების წინააღმდეგია. ამ მოთხოვნით შაბათს, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

მათი ინფორმაციით, კომპანია m2 – ს თბილისის მერიაში შეტანილი აქვს პროექტი, რომელიც 20.000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, ​სარეკრეაციო ზონაში 4 მაღალსართულიანი კორპუსისა და პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს.

“აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვერეს ხეობიდან ჰაერის ბუნებრივი გაწმენდა ხდება!” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, გერმანელ ტყვეთა სასაფლაოა, რომელსაც “აოხრება” ელის თუ აღნიშნული პროექტი განხორციელდება.

“გარშემო არსებულ ვიწრო ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე გადატვირთულია, დამატებითი 350(მინიმუმ) ავტომობილი ამ ტერიტორიის სრულ პარალიზებას და სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. ჩვენი კი მუდმივ გამონაბოლქვში ვიცხოვრებთ! აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის !.” – აცხადებენ ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლები.

მსგავსი თემები