პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია.

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების“ შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს.

„სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და  აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და  აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს.  იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები“- აღნიშნა მომხსენებელმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით,  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი. მისივე თქმით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყო არაერთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები