,,ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები – დავუძახოთ ხალხს ქუჩაში”- შალვა ნათელაშვილი

,,ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები,  შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში,”- აღნიშნული სამპუნქტიანი სტრატეგია  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა წარადგინა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ გარკვეული პირადი ინტერესები უნდა დათმოს.

„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, „ლეიბორისტული პარტიის“ თავგანწირულმა შრომამ რუსი დიქტატორ-ოლიგარქი, გვარს არ დავასახელებ, ყველამ იცით, მიიყვანა სანქცირების დასაწყისამდე. დღეს მთელი ქვეყნიერება-საქართველო და მსოფლიო ოპოზიციის პოზიციას ელოდება, რათა დავასრულოთ ეს საშინელი რეალობა, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს. გთავაზობთ სამპუნქტიან სტრატეგიას, რამაც ჩვენს ქვეყანაში უნდა გაწმინდოს მომავლის ჩახერგილი გზები. 1. ოპოზიციამ დაუყოვნებლივ დატოვოს პარლამენტი და საკრებულოები. 2. შეიქმნას ეროვნული მშვიდობიანი წინააღმდეგობის ეროვნული ხსნის კომიტეტი. 3. დავუძახოთ ხალხს ქუჩაში. ყველაფერ ამას მოჰყვება საშინელი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული, ახალი დემოკრატიული არჩევნები და მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ხალხის განწყობის და ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ლიდერები. ეს ერთადერთი სწორი სტრატეგიაა, ერთადერთი ხსნა იმისათვის, რომ დავასრულოთ მარაზმატიკული რეჟიმი, რომელიც ისედაც დასრულდება, რომლის სანქცირების პროცესს ჩვენი პარტია დაასრულებს, მაგრამ ცოტა დროში გაწელვით. თუ გვინდა გარდამავალი დრო შევამციროთ და თავისუფლების ჟამი დავაყენოთ სწრაფად, საჭიროა, ოპოზიციამ რაღაც პირადი გაწიროს. მარტო ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, მარტო ლამაზი დაპირებები, მარტო სამუშაო ჯგუფებში ჯდომები, მარტო პარლამენტის მბრუნავ სავარძლებზე კოტრიალი, მარტო საკრებულოებში ტენდერებზე ჩალიჩი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩვენ შეგვიძლია ერთად დავაყენოთ გაზაფხული და ეს სამი პუნქტი ამის გარანტია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები