,,რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები”- პაპუაშვილი

,,რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა განმარტება გააკეთა თუ რატომ არ ესწრებიან „ქართული ოცნების“ ლიდერები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას. მისი თქმით, კონფერენციას ესწრებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს. რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი, რომელიც ვნახეთ, მათ შორის დღეს – ამ კონფერენციის დაწყებისას გაკეთდა კომენტარები, მაგალითად, „ევროპული საქართველოდან“, რომელიც რეჟიმის ცვლილებაზე და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის ბანერებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ და აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მხრივ და მე რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ წავახალისებ ამ რადიკალიზაციას და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, მნიშვნელოვანია რადიკალიზაციის ნორმალიზება და ისე წარმოჩენა არ მოხდეს, თითქოს, რადიკალური დღის წესრიგი რაღაცნაირად ლეგიტიმირებულია,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები