პროკურატურამ სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა თანასოფლელს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი თემები