„ბრძოლა ჭკუასა და უჭკუოს შორის“ – ვეტერანი სპორტსმენის ხმაურიანი ინტერვიუ „მთავართან“

  •  

„ფიზიკური სპორტი მოშლილია, დიდი სპორტი კი სულს ღაფავს. დიდი ხანია ვარ ამ ქვეყანაში და მახსოვს სპორტის წარმატებაც. დღესაც ლაპარაკობენ, რომ სპორტი წარმატებულია. არ ვეთანხმები ამ გამოთქმას… სულიერ სისუსტეს ფიზიკურად ერევიან…“- აცხადებს ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა „მედიაცენტრ მთავართან“.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ჭიდაობის ფედერაციაში და ზოგადად სპორტში ბევრი პრობლემა დაგროვდა, რისი გარკვევაც მუშტი-კრივითა და არაცივილური ფორმებით ხდება. სად გვაქვს პრობლემა?

რომან რურუა: თავს ვარიდებ ამ თემაზე საუბარს. ძალიან მარტივი და კარგი კითხვაა. გიპასუხებთ ორი სიტყვით, ყველაფრის პრობლემა დევს მართვაში და ეს მარტო ჭიდაობას კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა სფეროს და ეს კარგადაც ჩანს. დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის სპორტი. სპორტს ორი მიმართულებაა აქვს. ერთი განეკუთვნება ფიზიკურ აღზრდას და მეორე კი დიდი სპორტი – დროშა, ჰიმნი და ა.შ . ფიზიკური სპორტი მოშლილია, დიდი სპორტი კი სულს ღაფავს. დიდი ხანია ვარ ამ ქვეყანაში და მახსოვს სპორტის წარმატება. დღესაც ლაპარაკობენ რომ სპორტი წარმატებულია. არ ვეთანხმები ამ გამოთქმას. ფიზიკური აღზრდა ხომ ძალიან დაბალია. ფიზიკური აღზრდაში შედის სულიერი აღზრდა და ის რაც დღეს ხდება, სულიერია. სულიერში სუსტია ადამიანი და ფიზიკურში არაუშავს. სულიერ სისუსტეს კი ფიზიკურად ერევიან. ეს არის უხეშობა და მიუღებელია საზოგადოებისათვის.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ალბათ, თქვენც, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, იმ ფიზიკური დაპირისპირებით, რაც ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის სპორტის სასახლეში მოხდა…

რომან რურუა: რატომ ხართ შეშფოთებულები? რამ შეგაშფოთად? რაც ჩავიდინეთ, რაც მოვიმოქმედეთ ის შედეგი მივიღეთ. ჩვენი ბრალია. დემოკრატია დემოკრატიას იძახიან და ვერავინ გაიგო ეს დემოკრატია რა არის და აირია ყველაფერი ერთმანეთში. უმცროსი და უფროსი არ იციან ამ ქვეყანაში. ზრდილობა არ არის ქვეყანაში. მოშალეს სკოლაში ბავშვების აღზრდის მეთოდიკა. მეტყვით ალბათ „კომუნისტი“ ხარო და „კომუნისტები“ თქვენ ხართ ბატონო. მე ვარ მოქალაქე, რომელიც ცდილობს იყოს კარგი ქართველი. მარტო ადამიანი კი არა, ჩემი ინტერესი არის, ვიყო სანიმუშო ქართველი. სხვა რატომ არ ცდილობს ამას? მე მქონდა აღზრდა, როგორი უნდა იყოს კაცი, ადამიანი, ქართველი და იმით მოვდივარ დღესაც. ის სისტემა რომ მოიშალა, დამახინჯებულ ისტორიას ასწავლიან ბავშვებს. თურმე, ადრე ყველაფერი ცუდი იყო, ეს ცუდი „კომუნისტებამდეც“ იყო, „კომუნისტების“ დროსაც და ახლაც. უჭკუო ჭკუის მასწავლებელი და ჭკვიანი უჭკუოს მასწავლებელი ეს თანაარსებობა ცხოვრებაში უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩაგვრაში არ უნდა გადაიზარდოს.

„მედიაცენტრი მთავარი“: უჭკუოების შერკინებასთან გვაქვს საქმე, გონებით რომ ვერაფერს აღწევენ და ძალას იყენებენ?

რომან რურუა: აქ არის ბრძოლა ჭკუასა და უჭკუოს შორის. „მედიაცენტრი მთავარი“: თქვენ, როგორც მოჭიდავეს გეკითხებით, ჭიდაობა ძალადობაა? რომან რურუა: ჭიდაობა არის კულტურა. ძალის გამოსახვის ხერხი და მისი კულტურა. ეს არის ძალა და ძალასთან ერთად კულტურა, ზრდილობა ხალიჩაზე და ხალიჩის გარეთ.

„მედიაცენტრი მთავარი“: როცა თქვენ ნახეთ ფიზიკური დაპირისპირების კადრები, როგორი იყო თქვენი შეფასება?

რომან რურუა: კარგი კითხვაა, მაგრამ ახალი არაფერია. ვნახე ის, რაც თქვენ ნახეთ და გეთანხმებით თქვენს მოსაზრებაში. როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები? მასწავლებელი უნდა დავამსგავსოთ მასწავლებელს. მას სტატუსი უნდა განვუსაზღვროთ. ისე კი არა, მოსწავლეს შენიშვნა არ მისცეს. შენიშვნა აღსაზრდელს ყოველთვის დასჭირდება. კარგის შემოტანა შეიძლება და ცუდი რატომ შემოგვაქვს? მიმართვა უფროსი და უმცროსი, დედა და მამა. დედ-მამის შემდეგ დგას მასწავლებელი. როგორ ექცევიან მოსწავლეები მასწავლებელს? მეუბნებიან, რომ მოსწავლეს უფლება აქვს არ ჰკითხოს მასწავლებელს და კლასიდან გავიდეს და შემოვიდეს როცა უნდა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რა ხდება დღეს სპორტულ ოჯახში, ეს არის ქაოსი, არასწორი მმართველობა?

რომან რურუა: არ ვიცით, როგორ ავღზარდოთ შვილი, სხვისი შვილი. ბავშვობაში თქვენც გიჭიდავიათ, მაგრამ ხართ პროფესიონალი მოჭიდავე? პროფესიონალიზმი აკლიათ, აღზრდის მეთოდი აკლიათ. მასწავლებელს უნა ჰქონდეს სერთიფიკატი. ყველას მასწავლებლობა როგორ შეიძლება თუნდაც ჭიდაობაში და თუნდაც სკოლაში.

„მედიაცენტრი მთავარი:“ სად ხედავთ ამ ყველაფერში დაგროვილ სამინისტროს როლს და ფუნქციას?

რომან რურუა: სპორტი განეკუთვნება კულტურის სფეროს. აქედან გამომდინარე, ხან კულტურას ჩააბარებენ, ხან გამოყოფენ, აბნეულია საზოგადოება რა სფეროა ეს გაუგებარია. უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როდესაც სპორტის სამინისტრო გააუქმეს და მიუერთეს სხვას. განათლებისა და კულტურის სფერო იმხელა სფეროა, რომ არ გაწვდება ერთი სამინისტრო ამდენს, მითუმეტეს ჩვენ პირობებში. სპორტის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე და მას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი – ახალგაზრდობის აღზრდა. ყველაფერი ფესვებიდან იწყება.

„მედიაცენტრი მთავარი“: მოჭიდავე აცხადებს, რომ ამოსავალი არ აქვს. ან უნდა დაანებოს თავის სპორტს ან წავიდეს სხვა ქვეყანაში და იჭიდაოს სხვა ქვეყნის სახელით. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

რომან რურუა: მე რომ იმ ბავშვის ადგილას ვიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი. რადგან ასე მექცევიან, მე ამას დავუდგებოდი წინ და დავამარცხებდი ყველას. დავამარცხებდი ჩემი მოქმედებით, ჩემი ქცევით. შეჯიბრია ეს ცხოვრება და რადგან შეჯიბრზე ხარ, ეს შეგიძლია მოიპოვო ყველგან და გახვიდე ასპარეზზე – მსოფლიო ასპარეზზე. აქ მოიპოვებ თუ იქ, მაინც მოგიწევს ერთ ადგილამდე – მსოფლიო ჩემპიონობამდე მისვლა. ის, რასაც დღეს საქართველოში ავრცელებენ, რომ საქართველოს, გასულ წელს 800 მედალი მოუპოვებია, ტყუილია. ხალხო ან თქვენ როგორ ტყუვდებით ან ის ვინც ამას ამბობს, რითი ამტკიცებს. მედალს ასე რომ აფრიალებენ, არასწორია. მედალი არის სამი სახის. ეს არის ევროპის მედალი, მსოფლიოს მედალი და ოლიმპიური მედალი, დანარჩენი არცერთი არ არის მედალი და 800 მედალი საიდან მოიტანეს. ალბათ მხედველობაში აქვთ ბავშვები, რომლებიც თბილისის პირველობაზე გამოდიან და მედლებს კიდებენ, ისეთ რომელიც მე არ მაქვს. როცა ამას აკეთებ და ბავშვებს მედლებით ამკობენ, ბავშვი გადარეულია და მე თედიაშვილზე თუ რურუაზე მეტი მედალი მაქვს-ო. სანამ საშუალო სკოლას დაამთავრებს ბავშვი და ჩემზე მეტი მედალი აქვს, ბუნებრივია, თავი ჩემპიონი ჰგონია. ამით კი მისი დასასრული ახლოვდება. მაშინ, როცა ბავშვს ამას უდებ თავში, მას მიზნის მისაღწევად არაფერი რჩება, სკოლის პერიოდში მედალიც აქვს, ჩემპიონობაც, ქებაც და დიდებაც.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ანუ, თქვენ დათუნაშვილს ურჩევთ, რომ მან იბრძოლოს და გააგრძელოს სპორტული კარიერა?

რომან რურუა: სპორტსმენი რამ უნდა გახადოს ჩემპიონი? რა თქმა უნდა, წინააღმდეგობამ. თუ წინააღმდეგობა არ არის, ჩემპიონი არ ხარ. რა ჯობია იმას, რომ წინააღმდეგობაა და იმას გადალახავ. შენ თუ მსოფლიო ჩემპიონობა გინდა სადაც გინდა იქ ივარჯიშებ და იჭიდავებ. მაგრამ ხალიჩაზე კი არა ასფალტზე, სახურავზე, ხეზე, რომ იჭიდავებ მე მაინც ჩემპიონი ვიქნები.

„მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი ხართ, მომხდარ დაპირისპირებაზე პრეზიდიუმში თუ იყო მსჯელობა ან თუ აპირებთ მსჯელობას?

რომან რურუა: პრეზიდიუმი არის ის რაც პარლამენტი, მაგრამ არ მოქმედებს, იმიტომ რომ პრეზიდიუმის წევრები გახადეს რაღაც „აიპი“ „სიპის“ წარმომადგენლები. თვითონაც ვერ ერკვევიან თავიანთ ფუნქციებში. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონები, რომლებმაც იციან ჭიდაობა, პრეზიდიუმში 20% აქვთ დათმობილი, დანარჩენები ვინ არიან, გაურკვეველია. ხელის ასაწევად რომ მოდიან. მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი უმართებულოდ არ მოიქცევა. ის სწორად განსაზღვრავს ყოველთვის. კანონია შესაცვლელი, რომელიც გაუნათლებელმა ხალხმა მიიღო.

„მედიაცენტრი მთავარი“: სად ხედავთ პრობლემის დასასრულს, გამოსავალს?

რომან რურუა: უნდა შეიქმნას ფიზიკური კულტურის, სპორტის სამინისტრო, რომელმაც უნდა განსაზღვროს, მისი სამუშაო მიმართულება. სპორტმა ჯანსაღი და ძლიერი ახალგაზრდობა აღზარდოს.

მსგავსი თემები