საია მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავას სასამართლოში იწყებს. საქმე ეხება სენაკის საკრებულოს არჩევნებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საია-მ მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა აქტის გამოცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ის შემდეგია:

„2022 წლის 12 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების შესაბამისად, ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგინა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს 2022 წლის პირველ ოქტომბერს.

აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-მდე უშედეგო მცდელობა. სენაკის საკრებულოში, კვორუმის გარეშე სხდომები გაიმართა 2022 წლის 9 თებერვალსა და 23 თებერვალს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო, ხოლო 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ, სენაკის საკრებულოს შეკრება აღარც კი უცდია. გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს“ – განმარტავენ საია-ში.

 

მსგავსი თემები