„უკრაინა იბრუნებს საკუთარს, ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და რუს ჯარისკაცებს ურჩევს, თუ გადარჩენა უნდათ, გაიქცნენ.

„ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენი მეომრების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენის სახელმწიფოსთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხსოვნის ეს დღე ზაფხულის ბოლოს, 29 აგვისტოს აღინიშნება. ეს ომი, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით, დონბასის დაპყრობის მცდელობით დაიწყო, უნდა დასრულდეს სწორედ იქ – გათავისუფლებულ ყირიმში, დონბასის გათავისუფლებულ ქალაქებში, ჩვენი სამხედროების უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გასვლით. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს მიზანი. ჩვენ ის არ გვავიწყდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს ესმის,  რისკენ მივისწრაფვით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა იბრუნებს იმას, რაც მისია და რაც მას ეკუთვნის.

„უკრაინა იბრუნებს საკუთარს. დაიბრუნებს ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებს, ყირიმს, აუცილებლად, შავი და აზოვის ზღვების მთელ ჩვენს აკვატორიას – ზმეინიდან ქერჩის სრუტემდე. ეს იქნება, ეს ჩვენია. ისევე, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას ესმის, მინდა, რომ ეს ოკუპანტებმაც გაიგონ, მათი ადგილი არ იქნება უკრაინულ მიწაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები