ISFED-ი სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.  ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს, გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

„2022 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკო-ს განკარგულებით, 1 არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სწრაფად უნდა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.

საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ასევე მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე; საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელოს და დანიშნოს სენაკის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები; ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლების ცვლილების გამო, რაც აზრს უკარგავს ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ”, – ვკითხულობთ ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები