“რუსეთში დაბრუნება აღარ მინდა” – რატომ ვერ იღებს მოქალაქეობას ქართველი ემიგრანტი?

ახალგაზრდა, ქართველი ემიგრანტი, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გაზრდილი სიმონ წულაია ისტორიულ სამშობლოში დამკვიდრებას ცდილობს. ემიგრაციაში დაბადებულმა ქართული ენა ოჯახში, მშობლებისგან ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სიყმაწვილის წლები უცხო ქვეყანაში გაატარა და დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, სურს ქართულ ფესვებს დაუბრუნდეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. მაგრამ აცხადებს, რომ იუსტიციის სახლში პრობლემებს აწყდება.   

როგორც სიმონ წულაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, იუსტიციის სახლში ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო, უნდა მიეღო ოქმი, რის საფუძველზეც დაბარებული იქნებოდა გასაუბრებაზე, თუმცა აღნიშნული საბუთი მას არ მიუღია.

ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება მისი მთავარი სურვილი იყო, მაგრამ მშობლებსა და ოჯახზე იყო დამოკიდებული და მოდიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ესპანეთში გააგრძელა ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე. 2 კურსი დახურა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვიდა. დაინტერესებულია საქართველოს ისტორიის შესწავლით. ახლა ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სურს საქართველოში ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება. 

“დღემდე რუსეთის მოქალაქე ვარ. რუსეთში დაბრუნება აღარ მინდოდა. მოველაპარაკე მშობლებს და აგვისტოში დავბრუნდი საქართველოში. ჩამოვედი თუ არა განცხადება შევიტანე იუსტიციის სახლში. ჩავაბარე ყველა საბუთი, გადავიხადე თანხა. მითხრეს, რომ 2 ნოემბერს იქნებოდა პასუხი გასაუბრებაზე. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, – დაგირეკავთ და გეტყვით, როდის დაგიბარებთ გასაუბრებაზეო. რეესტრიდან მოვიდა ოქმი, რომ გასაუბრებაზე მიბარებდნენ, თუმცა თარიღი და დრო მითითებული არ იყო”, – აცხადებს სიმონ წულაია.

ახლა მას, იუსტიციის სახლში თავიდან სთხოვენ საბუთების შეტანას და თანხის გადახდას.  ერთწლიანი ვიზა აგვისტოში ეწურება და იძულებული გახდება რუსეთში დაბრუნდეს. მოქალაქეობის არქონის გამო, ვერც მუშაობას იწყებს.

“არც ევროპაში გაჩერდა და არც რუსეთი უნდა. შეგვეხვეწა, – საქართველოში მინდა ცხოვრებაო. სულ უცხოებს აძლევენ მოქალაქეობას და ქართველს ასე რატომ აწვალებენ? ასე, ხომ აუცრუვდებათ ახალგაზრდებს გული? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თებერვალში სწავლა ეწყება. პარალელურად სურს სადმე იმუშაოს, უცხო ენები იცის და სურს თავის ქვეყანას გამოადგეს”, – გვითხრა სიმონის დედამ, თამარ ღავთაძემ.  

სიმონის მშობლები რუსეთში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც, დასაშვები გახდა ორმაგი მოქალაქეობის უფლება.

მსგავსი თემები