ზურაბ დათუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილს ხვდება, მოჭიდავეს მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პრეზიდენტი

ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარესთან ფიზიკური დაპირისპირებისა და ქვეყნიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ, შესაბამისი სამინისტროდან არავინ დაკავშირებია. მოჭიდავეს პარლამენტიდან დღეს დაურეკეს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა ჩაუნიშნეს. 

როგორც მოჭიდავემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, არ იცის რატომ ხვდება, თუმცა, იცის, რომ პოზიცია არ შეიცვლება.

„სამინისტროდან არავინ დამკავშირებია. დღეს ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილს უნდა ხვალ შეხვედრა. მას ჩემთან არ დაურეკავს, მხოლოდ ინფორმაცია მომიტანეს. თუ რაზე მხვდება, ჩემთვის უცნობია. უბრალოდ დამინიშნეს შეხვედრა.  სხვა, კომუნიკაცია არვისთან ყოფილა. არავის დაურეკავს და არავინ დაინტერესებულა“ – განუცხადა დათუნაშილმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მოჭიდავე არ გამორიცხავს, შერიგებაზე იყოს საუბარი, თუმცა, შერიგებაში რა იგულისხმება, ვერ აკონკრეტებს.

„მე ჩემს პოზიციას ვიტყვი, ასევე მოვუხდი მადლობას იმისთვის რომ დაინტერესდნენ. ჩემი პოზიცია არის ის, რაც იყო, შერიგება სხვაა და  და პირადი წყენის დავიწყება სხვა რამეა. შეიძლება ადამიანს პირადი წყენა აპატიო. ის, რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი, პირადი არ არის. მე არ ვიცი რა უნდათ, რა ტიპის შერიგება უნდათ და საერთოდ, უნდათ თუ არა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ის არ იყოს ფედერაციის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ გავაგრძელებ ვარჯიშს. ჩატარდეს ახალი არჩევნები და ვინც მოვა და ვისაც აირჩევენ, მასთან გავაგრძელებ თანამშრომლობას“ – განაცხადა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დათუნაშვილისა და ყაველაშვილის შეხვედრა ხვალ 10:30 საათზეა ჩანიშნული.     

მსგავსი თემები