შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა ვითარების განსამუხტად და არა ქმედებისთვის – დიმიტრი ხუნდაძე

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მინისტრის გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის განმუხტვის აუცილებელი იყო.

როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას განაცხადა, შს მინისტრის განცხადება იმ ვითარებიდან და რეალობის აბსოლუტურად ადეკვატური იყო, რაც შეიქმნა დედაქალაქში. რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების საფრთხე რეალურად არსებობდა. “ჩემი აზრით, მინისტრის ბოდიში იყო ბოდიში სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ქმედებისათვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, დეპუტატის განცხადებით, მას პოზიცია არ შეუცვლია და ამბობს, რომ ქვეყანამ იმდაგვარი ნარკოპოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ მომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს და არა პირიქით – გაიზარდოს.

„არაერთხელ განმიცხადებია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით. მთავარი მიზანი უნდა იყოს იმდაგვარი სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის  შემცირებას და არა პირიქით გაზრდას. ნარკოპოლიტიკა უნდ მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ. ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა არ შეჩერებულა, ვმსჯელობთ და ვმუშაობთ აქტიურად. თუ ჩვენ გვინდა ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რაც პორტუგალიაშია, იქ კანონპროექტზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა და პორტუგალიამ დაიწყო არა აქციებით, არამედ, მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდით“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება კითხვას, დაუჭერთ თუ არა მხარს კანონპროექტის იმ ვარიანტს, რაც პარლამენტშია ინიცირებული, დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა, მისი უდიდესი ნაწილი ძალიან მაღალ რისკს შეიცავს, თუმცა მასში არის ღირებული ინიციატივებიც.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები არის პარლამენტი და მოხერხდება იმგვარი, დაბალანსებული კანონპროექტის მიღება, სადაც ქვეყნის, საზოგადოების და მათ შორის ახალგაზრდების ინტერესებსაც გაითვალისწინებენ.

„პროცესები თავიდანვე არასწორად წარიმართა, ის იმართებოდა ქუჩიდან, რასაც ვერ დავუშვებთ. კანონპროექტი უნდა განიხილებოდეს პარლამენტში, ყოველგვარი ზემოქმედებისა და შეურაცხყოფის გარეშე. პარლამენტში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა მივიღოთ. ყველა ერთად მოგიწოდებთ, ვაწარმოოთ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და არა პირიქით“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები