ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის მხარემ გამოთქვა მზაობა დაეხმაროს საქართველოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაინტერესდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებით და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი ტექნიკით.

„ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-თურქეთის მჭიდრო პარტნიორობას და აღნიშნა მსგავს სიტუაციებში წარსულშიც თურქეთის მხრიდან აღმოჩენილი დახმარება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან 2022 წლის 24 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში უკვე ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დაგეგმილია დამატებითი თვითმფრინავების გამოგზავნა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები