„დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც კორონავისურის შემთხვევების მატებაზე საუბრობს.

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

„საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა კვირას იყო 12 338 ახალი შემთხვევა, ხოლო იმის წინ – 12 729 ახალი შემთხვევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, წინა კვირაშიც იყო ასევე 6 შემთხვევა, ხოლო იმის წინა კვირაში – 8 შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.05%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს“ – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები