“ნუ მოვკლავთ ბახმაროს ქაოსური მშენებლობებით” – არმაზ ახვლედიანი 50 მილიონიან პროექტზე

  •  

“ბახმაროს და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის” ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი, კურორტ ბახმაროს ქაოსური განაშენიანებისგან დასაცავად საჯარო განხილვების გამართავს მოითხოვს. მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, რას ითვალისწინებს კომპანია “ორბის” 50 მილიონიანი პროექტი, მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, ხომ არ დააზარალებს აღნიშნული პროექტი ბახმაროს და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, ​ბახმარო, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამორჩეული კურორტია. მეორე მხრივ კომპანია “ორბის” მიმართ გარკვეული პრეტენზიები არსებობს, რომელმაც თავისი პროექტები უკვე განახორციელა ქვეყნის სხვა საკურორტო ზონებში.

​​მისივე შეფასებით, კომპანია “ორბმა”, ფაქტობრივად დაამახინჯა ქალაქი ბათუმი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მას. ამ გამოცდილების გათვალისწინებით მოითხოვს, ყველა სამშენებლო კომპანიამ, რომლებიც ბახმაროში ინვესტიციების განხორციელებას დააპირებენ, დეტალური გეგმა წარმოადგინონ, თუ რამდენად შეესაბამება მათი პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ბახმაროს, როგორც უნიკალური კურორტისა და სივრცის მოთხოვნებს. 

“მივმართავ ქვეყნის მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გურიის გუბერნატორს და ვთხოვ მათ, ნუ მოკლავენ ბახმაროს სამშენებლო კომპანიების მეშვეობით. ბახმაროს განვითარებასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი უნდა იყო საჯარო, სპეციალისტებს და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია. საქართველოში ძალიან ცოტა დაგვრჩა ამ ხარისხის საკურორტო სივრცე, რომელიც არ არის დაზიანებული უკანონო, ქაოსური მშენებლობებით. ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა გუდაურში, ბაკურიანში, სხვაგან. მივესალმები ნებისმიერ ინვესტიციას, მშენებლობას, განვითარებას რეგიონში, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, როგორ წარიმართა ამ ტიპის მშენებლობები სხვაგან, რა გააკეთა იმავე კომპანია “ორბმა” ქალაქ ბათუმში, როგორ დამახინჯდა ქალაქი და ფაქტობრივად გამოუსწორებელი შედეგი დადგა. სწორ განვითარებას მივესალმებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს”, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი. 

მისივე თქმით, იგი აქტიურად ადევნებს თვალს კურორტ ბახმაროზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებს და სხვადასხვა ინსტიტუტების დახმარებით უკვე, რამდენიმე უკანონო მშენებლობა აღკვეთეს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ინვესტიციის მოცულობა იმდენად დიდია, რომ ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა კურორტს დიდი მასშტაბის ზარალი მიაყენოს.

” წარმომიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ მასშტაბის ინვესტიციას, თუ ყველა დეტალი წინასწარ არ იქნება განხილული. ჩვენი ასოციაციის ინტერესია კურორტი განვითარდეს სწორად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ექსპერტებთან, აუცილებლად შევატყობინებ მათ ყველა მომდევნო ნაბიჯის შესახებ. ეს ის ქვეყნებია, სადაც განვითარებულია მთის კურორტები, რომ განვითარება წავიდეს სწორი გზით, რომ არ მოვკლათ ბახმარო. ქვეყნის კურორტების განვითარებაზე ​ინფრასტრუქტურის სამინისტროა პასუხისმგებელი, მოვითხოვთ, წარმოადგინონ დეტალური გეგმა. ბახმარო შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ იქაურობას ვეღარაფერი ვუშველოთ”, – აცხადებს ახვლედიანი. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ორბი” ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ბახმაროს მიმართ ინტერესი სხვა უცხოურ კომპანიებსაც აქვთ, რომლებიც რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელების სურვილს გამოთქვამენ. იგეგმება ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია და 5-6 ათას საწოლზე გათვლილი სასტუმრო კოპლექსის მშენებლობა, რათა ბახმარო არამარტო ზაფხულის, არამედ წლის ოთხივე სეზონის კურორტი იყოს.  

როგორც გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია აცხადებს, ამ დროისთვის ბახმაროში, 2 კომპანია ოპერირებს, რომლებსაც ექსტრემალური სათხილამურო სპორტით დაინტერესებული მოთხილამურეები უცხო ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ.  

მსგავსი თემები