პატიმრის მხრიდან იარაღის თავში სროლაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც სამსახურში განმარტავენ, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

„გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.

მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს.

სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პატიმარმა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, მისი მდგომარეობა მძიმეა

მსგავსი თემები