,,ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება”- ხატია დეკანოიძე

,,ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია.

„საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართო ცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებები შეასრულოს.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“, „ისფედი“. ასევე სასამართლო სისტემაზე მომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე მუშაობდა.

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები, მიზანმიმართული თავდასხმები აშშ-ზე, ევროკავშირის ელჩებზე, გავლენიან სამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის იმის დასტური, რომ მათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება. პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაციებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები