პარლამენტში გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების თაობაზე იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ინიციატივა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭო სამოქალაქო სექტორს რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში სთავაზობს.

„დღეს ვისაუბრეთ ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის  მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება როგორც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ გრძელვადიან მიდგომას, ასევე გენდერული კვოტირების გაფართოების და მისი უფრო წარმატებით აღსრულების საკითხებს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები, მათ შორის, საუბარი იყო საჭიროებაზე, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიმართულებით იყოს გარკვეული ინიციატივები, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებული და დათვლილი იქნება უფრო ყურადღება გამახვილებული საკითხები.

„ეს ხელს შეუწყობს კანონმდებლებს და პოლიტიკის შემქმნელებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღებაში, ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობა ან ზოგადად, გენდერული თანასწორობა ის სფეროა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში, ჭარბობს მითები და აუცილებელია, რომ დისკუსიებში რაც შეიძლება მეტად იყოს გამოყენებული უფრო ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები. დღეს შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაინტერესებულ სუბიექტებს კიდევ ექნებათ მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება და როდესაც ყველაფერი გვექნება თავმოყრილი, უკვე სექტემბერში, ვგეგმავთ კონკრეტული ინიციატივების წარდგენას. სავარაუდოდ, ეს არ იქნება  ერთიანი დიდი პაკეტი, არამედ იქნება კონკრეტული თემების მიხედვით გადანაწილებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც იქნება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანიც იმავდროულად ანუ შედეგზე ორიენტირებული, რომ გარკვეული მიმართულებებით  გვქონდეს კონკრეტული  სწრაფი რეზულტატი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები