,,საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე”- გურამ მაჭარაშვილი

,,ეს განცხადება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხია და კონტრაგუმენტი არ წარმოუდგენია,”- ასე ეხმიანება “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების მიზანია  საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ.

,,საინტერესოა, რა არის, მისი აზრით, შეთქმულება – ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ის, რომ საელჩო ამბობს, რომ 30 წელი გადაიხადა იმისთვის რომ ქართული მართლმსაჯულება განვითარებულიყო და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს – პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით, გავრილოვის ღამე ყოფილა წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა. საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი მიიტანა სწორედ ნიკანორ მელია რამდენიმე ასეულ რადიკალთან ერთად, რომელიც იქნა დაპატიმრებული და სწორედ საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით იქნა გამოშვებული ციხიდან პარლამენტის შტურმის დამაორგანიზებელი პიროვნება, პოლიტიკოსი ნიკანორ მელია. ამაზე საუბრობს ელჩი, თითქოს ეს იყო ხელისუფლების შეტევა და შტურმი პარლამენტზე.

საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი ამერიკაში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერენ თუნდაც პოლიტიკოსს, ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტზე. თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს, ეს არის არასწორი მიდგომები, როდესაც ქართული საზოგადოება ხვდება, რომ ამერიკაში დემოკრატია სხვანაირად მუშაობს, ხოლო საქართველოში საელჩოს უნდა რომ სხვანაირად ამუშაოს, არასწორი მიდგომაა. ჩვენი მიზანი კი არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები