დანგრევას 3-ჯერ გადარჩენილი, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა განსაცდელშია

თბილისში, რუსთაველის გამზირის N37-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლის სახელითაა ცნობილი, დანგრევის პირასაა. შენობის ფასადიდან ქანდაკებები ცვივა, მათი უმეტესობა დაბზარულია. გარდა იმისა, რომ უნიკალური შენობა ნადგურდება, ის საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსაც.

შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ავრცელებს. 

“ერთ ადგილას უკვე ჩამოიშალა სკულპტურული კომპოზიცია. მალე სხვებიც მიჰყვება, რადგან ყველა მათგანი დაბზარულია. ეს თბილისისთვის დიდი უბედურება იქნება. სახლი სომეხმა მეწარმემ 1912 წელს, პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა და ძალიან დიდი გასამრჯელოც აუღია. ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ აუგია.

შენობა, პრაქტიკულად, თბილისის პირველი ბიზნესცენტრი გახდა. აქ იყო თეატრი, მაღაზიები, აფთიაქი, დაწესებულები, მცირე სასტუმრო და სხვა. ასევე, ის იყო პირველი ნაგებობა, რომელსაც დამოუკიდებელი გაყვანილობები (წყალსადენი, ელექტროობა) და იმ დროინდელ თბილისში ყველაზე დიდი მიწისქვეშა სადგომი ჰქონდა. რაც შეეხება შენობის მორთულობას, ჩეხმა ნოვაკმა შეასრულა და იმთავითვე ქალაქის გამორჩეული ნაგებობის სახელი მოიპოვა. ამ შენობას არაერთი ლეგენდა, მითქმა-მოთქმა და თავგადასავალი უკავშირდება. ერთი გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ მელიქ-აზარიანცი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბში დაიმალა, კარი ჩაეკეტა და ჩარჩა. ამიტომ, ამას მიაწერენ ამბავს, რომ სარდაფში თითქოსდა, ერთ ადგილას კაკუნის ხმა ისმის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მეწარმეს საბჭოთა რეჟიმმა სახლი და ქონება ჩამოართვა. ის იმავე სახლის 1 პატარა ოთახში დატოვეს და 1923 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა.

100 წლის განმავლობაში, შენობის დანგრევა სამჯერ სცადეს და ყოველთვის გადარჩა. ახლა კი, ის უყურადღებობით ინგრევა. თბილისს ერთ-ერთი ლამაზი და ისტორიული სახლი ხელიდან ეცლება და ამის დაშვება ყოვლად გაუმართლებელია”, – წერს გოგა ჩანადირი.

აღნიშნული ​ფოტოები უკვე გადაეგზავნა თბილისის მერიას. სოციალური ქსელის მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული შენობის მიმართ, სათანადო ყურადღებას გამოიჩენს. 




მსგავსი თემები