,,რუსები ტურისტებად იყენებენ აგენტებს – არის დიდი საფრთხე, რომ რუსი აგენტების შემოდინება იქნება”- ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 7 თვის განმავლობაში საქართველოში უპრეცენდენტო რაოდენობის რუსი ტურისტი შემოვიდა.

მისივე თქმით, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის უკიდურესად საშიში, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს, პოლიტიკური მიზნებით რუსეთს შეუძლია ეს ნაკადი გააჩეროს ისევე, როგორც ეს სავაჭრო ემბარგოს დროს გააკეთა.

,,2022 წელს, 7 თვის განმავლობაში შემოვიდა 438 860 რუსი ტურისტი, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა. ასევე, დაახლოებით 7000-მდე ბიზნესი დარეგისტრირდა. ამ პრობლემაზე „ქართული ოცნება” სამწუხაროდ, თვალებს ხუჭავს. რუსები არიან დაბალ მხარჯველი ტურისტები. თუ აშშ-დან ჩამოსული ტურისტი ხარჯავს 3813 ლარს, რუსები 1282 ლარს ხარჯავენ დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ რუსი ტურისტები.

მეორე, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის უკიდურესად საშიში, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს, პოლიტიკური მიზნებით რუსეთს შეუძლია ეს ნაკადი გააჩეროს ისევე, როგორც ეს სავაჭრო ემბარგოს დროს გააკეთა, როდესაც ყველა გზა გადაგვიკეტა, ეს არის საშიში.

გარდა ეკონომიკური საფრთხეებისა, არის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. უნდა გვახსოვდეს ის, რომ რუსები ტურისტებად იყენებენ აგენტებს. როდესაც ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არც ერთი რუსი აგენტი, არის დიდი საფრთხე, რომ რუსი აგენტების შემოდინება იქნება. მესამე, მედვედევის დოქტრინა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვს უფლება დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, თუ ამას რუსეთი გადაწყვეტს, ყველანაირი სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე.

ამიტომ, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ, როგორც ეკონომიკური ზიანი, ასევე ომი რუსეთთან, ბევრი ქვეყანა უბრალოდ ზღუდავს რუსების შესვლას, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს. პირველი, დავაკისროთ ფინანსური გადასახადი რუს ტურისტებს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ 2 თვეში, საქართველო რუსი ტურისტებისგან აიღებდა 20 მილიონ ლარს. ეს თანხა შეგვიძლია დავხარჯოთ, როგორც ქართველ დევნილებზე, ასევე უკრაინის ომში. მეორე, შევზღუდოთ რუსი ტურისტები დროში. დღეს, მათ შეუძლიათ საქართველოში უსაზღვროდ ყოფნა. მივცეთ 3 კვირიანი ყოფნის უფლება და ეს ამ საფრთხეს აგვარიდებს.

მესამე, ნუ მივცემთ ბინადრობის უფლებას. შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლება. ასევე ნუ მივცემთ ბიზნესის რეგისტრაციის საშუალებას და შევაჩეროთ კერძო საკუთრების მიყიდვის პროცედურები. ეს ჩვენ აგვარიდებდა ყველა იმ საფრთხეს, რაც მოჰყვება ამხელა ნაკადს. ეს ხედვა არ გამომაქვს ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ მთავრობა ამას არ გააკეთებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, როდესაც „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ „გამოსავალი არ არსებობს და ყველა უნდა მივიღოთ“, ისინი იტყუებიან, უბრალოდ არ ზრუნავენ არც ჩვენს ეკონომიკაზე, არც შემოსავალზე და არც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები