,,არ გამოვრიცხავ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი”- დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასტიკი მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი.

,,სავსებით შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. გასაგებია, რომ ბრალდება არის ყველაზე მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი სიმძიმის ბრალდება არ არის, მაგრამ ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს ის გარემოება, რომ ბრალდებული თავისი ფეხით, ნებაყოფლობით გამოცხადდა გარდაბნის პოლიციაში და ჩაბარდა. ერთის მხრივ, ეს გარკვეულწილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მაგრამ მეორეს მხრივ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებაყოფლობით გამოცხადებით ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა საფრთხეს, მისი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში მიმალვის თაობაზე,” – განაცხადა ზაზა ნაჭყებიამ.

შეგახსენებთ, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები