,,პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა განახევრებულია”- ლაშა ხუციშვილი

,,პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია,”- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიშები, რომელიც ამ მიმართულებით გამოითქვა.

„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უპრეცედენტო ზრდაზე, უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას. რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც ბუნებრივია, შესადარისია. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ. ვერ შევადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რაოდენობას, რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია შიშები, რომელიც ამ მიმართულებით გამოითქვა. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს, ანალიზი გააკეთოს. ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები