,,საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ივლისსა და აგვისტოში დააკლეს ფასებს 10-10 თეთრით, იმპორტიორები შეგვპირდნენ,  რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის პირადად აკვირდება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რათა დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება.

„ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა პროპორციულად დაკლება. ამიტომ, საჭიროა, რომ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა და იცავენ ამ წესებს, ხომ არ არის რაიმე გადახრა. გავაგრძელებთ მუშაობას. იმპორტიორები შეგვპირდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში დააკლეს, აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია – რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაგალითად, ლარი იყოს სტაბილური, ბოლო პერიოდში ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთან და ჩვენს ხალხთან. ჩვენ ამ საკითხს დავაკვირდებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები