თეთნულდზე მაშველების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  თეთნულდზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი  ექვსი უცხოელი ტურისტიდან  ორი დაშავებული  და ერთი გარდაცვლილი მესტიაში დღეს გადაიყვანეს.

„სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი სამი მთამსვლელის გამოსაყვანად. დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთამსვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს. სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები