გვიან ღამით, ვარკეთილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ავარიული შენობიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ისინი დროებით სასტუმროებში დარჩებიან.

„შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა.  სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“ – აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.

ადგილზე გამგებელიც იმყოფებოდა. როგორც კახა სამხარაძემ განმარტა, ერთი წლის წინ, როცა ჩაბარდა ამ კორპუსის ავარიულობის შესახებ დასკვნა, მოსახლეობას შესაბამისი შეტყობინებები გაეგზავნა.

„ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა ეს კორპუსი და დღეს შეამჩნია საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, რომ მოხდა შენობის დამძიმება, მოხდა სახეცვლილება. ადგილზე გამოძახებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ევაკუირებულია მოსახლეობა. გადავიყვანეთ სასტუმროში ავტობუსით. სასტუმროში გაჩერდებიან, სანამ დალაგდება შესაბამისი ფართების მოძიება და შემდეგ ქირით გადავლენ. 15 ოჯახი, 50 ადამიანია სასტუმროში გადაყვანილი და 5 ოჯახი ქირით გვყავდა გადაყვანილი. დანარჩენმა არ გამოთქვა სასტუმროში წასვლის სურვილი. მათ ურჩევნიათ, რომ ნათესავებთან გაჩერდნენ“, – განაცხადა გამგებელმა.

 

მსგავსი თემები