„როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია“ – დეპუტატების მორიგი წერილი

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და ისევ ამერიკის ელჩს აკრიტიკებენ. როგორც ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის წერილში ვკითხულობთ, ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა,  ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა.

„საზოგადოებას ყველაფერს ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა:

ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება;

საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად, საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა;

გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება;

კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი – სახალხო დამცველიც კი ჩაერთო;

ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა“, – აცხადებენ დეპუტატები.

 

მსგავსი თემები