„საქართველო რუსეთზე ელექტროდამიკიდებული არ არის“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო არ არის რუსეთზე ელექტროდამიკიდებული. აღნიშნული განცხადება დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მტავარში“ გააკეთა, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნაზე ისაუბრა.

„ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. როგორც წესი, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში, გააჩნია  რომელ პერიოდში რომელ ქვეყანას რა ფასის შეთავაზება შეუძლია. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში“ – აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ელექტროენერგიის შემოტანა შესაძლებელია როგორც აზერბაიჯანიდან ისე თურქეთიდან.

„ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს შესაძლებლობა როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოვიტანოთ. რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, 90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევის რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს. ამდენად, რუსეთზე დამოკიდებულება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები