„ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“ – ჩინეთის ელჩის განცხადება

ჩინეთის ახალ ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ტაივანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. როგორც ელჩი განმარტავს, შეერთებულმა შტატებმა დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა.

„მინდა, გაგაცნოთ ჩინეთის მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე. შეერთებული შტატების პროვოკაციული ქმედებების წინამძღვრებისა და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები. 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, 1943 წელს ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა კაიროს დეკლარაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაბრუნებოდა.

1945 წლის დეკლარაციით ხელახლა დადასტურდა კაიროს დეკლარაციის პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, სწორედ ეს არის ერთი ჩინეთის პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა ერთი ჩინეთის პრინციპი და აღუდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმური ადგილი გაერო-ში. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და შეერთებულ შტატებს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და ერთი ჩინეთის პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი.

1979 წლის პირველ იანვარს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოფიციალურ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, – აღნიშნავს ელჩი.

მისივე შეფასებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეერთებული შტატების ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია, რომლიც ამერიკის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში.

„ამით შეერთებულმა შტატებმა აშკარად დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედება. ცოტა ხნის წინ, კისინჯერმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეშმაკური თანდათანობითი პროცესით არ უნდა შეიმუშაოს ორი ჩინეთის სქემა. ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელები ცხოვრობენ. მაქსიმალური კეთილსინდისიერებით და ძალისხმევით ვეცდებით ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებას, მაგრამ არ დავუშვებთ ჩინეთისგან რაიმე ფორმით გამოყოფას“ – აცხადებს ელჩი.

 

მსგავსი თემები