127 კოვიდკლინიკა შეამოწმეს და დადგინდა, რომ უმრავლესობა პერსონალს შრომის ანაზღაურებას არ უხდიდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ 90 კლინიკა მედპერსონალს იმ ანაზღაურებას არ უხდიდა, რაც მათთვის იყო გათვალისწინებული.

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს,  დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა, რომ არსებული  დარღვევები მოაწესრიგონ.

„2020- 2021 წლებში შრომის ინსპექციამ კოვიდკლინიკების შემოწმება მოახდინა იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, – განაცხადა ფერაძემ.

მისივე შეფასებით, კლინიკების ნაწილმა პრობლემა მოაგვარა, თუმცა,  14-მა კლინიკის შემთხვევაში, პრობლემა პრობლემად დარჩა.

„შრომის ინსპექცია არა ფულადი ჯარიმის, არამედ გაფრთხილებისა და გონივრული ვადის მიცემის გზით წავიდა, რომ მომხდარიყო სახელფასო ანაზღაურების გაცემა. მესამე შემთხვევაში ჩვენ კვლავ განვახორციელეთ ინსპექტირება და კვლავ დაგვხვდა დავალიანების გაუცემლობა. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ საჯარიმო სანქცია და ველოდებით კლინიკების მხრიდან, რომ მოხდება მთლიანი თანხის ჩარიცხვა ექიმებისთვის. თანხა ეხება რამდენიმე ათეულ ათასს. ბუნებრივია, ადმინისტრაციულ წარმოებას გავაგრძელებთ, ვიდრე საბოლოოდ არ მოხდება თითოეული ნამუშევარი საათის ანაზღაურება“, – განაცხადა ფერაძემ.

 

მსგავსი თემები