„სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას“ – თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  თურქეთი ყველა შესაძლებლობით ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში, თუმცა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება.

„სამწუხაროდ, ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია არსებულთან მხოლოდ პასუხისმგებლიანი მიდგომით. ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებს ერდოღანი.

მან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის ორივე მხარის მზაობაა საჭირო.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის სტაბილიზაცია მოკლე ვადებში მოხდება, თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს“, – ასეთია ერდოღანის გზავნილი.

 

მსგავსი თემები