ირმა ინაშვილი: არავითარი დანდობა მათ, ვინც ადამიანების პირად ცხოვრებას ბოროტ იარაღად იყენებს

“ადამიანთა (ვინც უნდა იყოს, პოლიტიკოსი, თუ არაპოლიტიკოსი) პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღებაზე, გავრცელებაზე, შენახვა-დაარქივებაზე, კომენტირებაზეც კი, კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს გამოყენებული უვადო პატიმრობის მუხლი, დამკვეთებზეც და შემსრულებელზეც”! – ამის შესახებ საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ინაშვილის თქმით, ადამიანის პირად ცხოვრებასთან შეხება მისი მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობაა, რაც ზიანს აყენებს არამხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მის ოჯახს და სრულიად საზოგადოებას, მით უფრო, თუ დანაშაული ჯგუფის მიერ ხორციელდება.

“მითუმეტეს, თუ ჯგუფური მოქმედებაა განხორციელებული, ადამიანის პირად ცხოვრებასთან შეხება,- ესაა მისი მორალური განადგურების მცდელობა, რაც ფიზიკურ განადგურებასაც გულისხმობს. ამავდროულად, ესაა წამების უმძიმესი ფორმა, რაც ზიანს აყენებს არა მარტო ამ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მის ოჯახს და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას. ამიტომ ორი კომბინირებული გზაა. პირველი – საზოგადოებამ თავად უნდა თქვას, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მასზე გავლენას ვერ მოახდენს, რომ ეს ამაზრზენი და მიუღებელია (კარგია, რომ საქართველოში ეს უკვე ხდება) და მეორე- ვიმეორებ, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა! არავითარი დანდობა მათ, ვინც ადამიანების პირად ცხოვრებას ბოროტ იარაღად იყენებს!

ცხადია, ყველას გვესმის, რომ პირად ცხოვრებაზე აქცენტირებით ყურადღება მთავარი თემიდან მეასეხარისხოვან თემაზე გადადის, ამიტომ საჭიროა ამ ბოროტებისგან მორალური დისტანცირება და საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება! ტრაგედიაა, როცა პირადი ცხოვრების მასალების გავრცელებით, პედაგოგები არიან დაკავებულნი. ასეთმა პედაგოგმა მოსწავლესა და სტუდენტს რა უნდა ასწავლოს?!

P.S. ამ მანკიერებაზე მამაკაცმა პოლიტიკოსებმა (ზოგიერთმა დეპუტატმაც) ტუჩების პრუწვით კი არ უნდა ისაუბრონ, ქვეტექსტებით და ა.შ. ხმა უნდა აღიმაღლონ და კანონის გამკაცრების ინიციატორებად უნდა გამობრძანდნენ, გაიხსნება თუ არა პარლამენტის პლენარული სხდომა”, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მსგავსი თემები