,,ომიდან სამი წლის თავზე, რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი?”- ირაკლი კობახიძე

„სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა. საქართველოში კანონით არის აკრძალული ნებისმიერი ვალუტის გამოყენება რუბლით დაწყებული და სხვა ვალუტებით გაგრძელებული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს  და ქსენოფობიური კამპანიების მიზანი, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

,,როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, მაშინვე მას კანონის საფუძველზე რეაგირება მოჰყვება. როგორც კი დადგინდება ნებისმიერი ფაქტი, მიიტანეთ შესაბამის უწყებაში და წამიერი რეაგირება იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში არის 110 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, ამ ეტაპზე ვინც იმყოფება, საიდანაც 90 პროცენტი არის რამდენიმე დღით შემოსული ტურისტული ან სხვა მიზნებისთვის. 2012 წელს საქართველოში ნახევარი მილიონი შემოვიდა, იმის წინა წელსაც იგივე იყო. რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის თავზე ნაწილობრივ და სამი წლის თავზე სრულად შემოიღეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მაშინ რომ შემოვიდა 500 ათასი კაცი, ის არ იყო საფრთხის შემცველი? მოხდა რამე? ხუთი თვის წინ ზუსტად ასეთივე ხელოვნურ შიშებს ქმნიდნენ საზოგადოებაში, რომ იყო კატასტროფა. ხუთი თვე გავიდა და არაფერი. ხომ გამოჩნდა, რომ ეს ხელოვნური იყო. ახლა აქვთ მეორე ეტაპი. ამ შემთხვევაში ეს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიები საშიში იმიტომ არის, მას აქვს კონკრეტული მიზანი, მიზანი არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. ძალიან ბევრი წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის კაბინეტებში რა შეხვედრები იყო. ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ბევრ ვინმეს ვგულისხმობთ. არის ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადი და სამჯერ მცირეა, ვიდრე იყო 2019 წელს, კოვიდამდე. შესაბამისად, ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. ახლა ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ვის, რაში სჭირდება ამ პრობლემის თითიდან გამოწოვა, თუ არ უნდა ვიღაცას პრობლემის ხელოვნურად შექმნა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები