,,ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული სასამართლოსთან დაკავშირებით”- ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა მხარეს მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავიანთი აზრი არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა 15 აგვისტოს შედგება, სადაც დეტალურად თითოეული საკითხის ავტორს მოვუსმენენ და  გაიმართება მსჯელობა.

,,ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ყველა მხარეს, რომ გამოეთქვათ აზრი, რაში ხედავენ გამოწვევას და როგორია ამის გადაჭრის გზები. დავიწყეთ კონკრეტული საკითხების განსაზღვრა და შევადგინეთ ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ მაგალითად, საკითხს სასამართლოს გადატვირთულობასთან, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ დავსვით საკითხი საპროცესო ვადებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვასთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ ნუსხის მომზადება, სადაც არაერთი საკითხია დასმული, ეს საკითხები რამდენად არის პრობლემა, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება, მტკიცებულებებით გამყარება, დასმული საკითხი რამდენად პრობლემაა, თუ ვინმეს სუბიექტური აზრია, ამას სჭირდება უკვე დასაბუთება, ამიტომ ავიღეთ ერთკვირიანი გონივრული ვადა, რომ ყველამ, ვისაც სურს, წარმოადგინოს უკვე ამ საკითხების დასაბუთება. 15 აგვისტოს იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც დეტალურად თითოეული საკითხის ავტორს მოვუსმენთ და თითოეულ საკითხზე გავმართავთ მსჯელობას, ამის შედეგად გამოიკვეთება, რა არის ფაქტი, რა არის აღქმა, რა არის ობიექტური, რა არის სუბიექტური, რაზე შეგვიძლია შევჯერდეთ, რაზეც ვერ შევჯერდებით ესეც დარჩება ოქმში, “- განაცხადა ანრი  ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები