ბაადურ წულაძე, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსახიობთან უკანასკნელ შეხვედრას კინოდოკუმენტალისტი ოლგა ჟღენტი იხსენებს: „კინო უყვარდა ყველაზე მეტად და მშობლიური ბათუმი, და რა თქმა უნდა ლედი, მისი ერთადერთი და. ბოლოს მკითხა, ჩემი ფილმების ხომ არის ინტერნეტშიო? – ბაადურს, ეს ფილმები მთლიანად შენია, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა-მეთქი“.

ბაადურ წულაძესთან შეხვედრის შესახებ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე წერს: „უზომოდ დამწყდა გული, უზომოდ. მშვიდობით ბატონო ბაადურ, ბოლოს რომ ვნახე, ასე მითხრა, – მოდი გაღიმებულიც გადამიღეო. მადლობა ყველაფრისთვის, სულ მეყვარებით“.  ​​

ბაადურ წულაძე 1935 წლის 5 მარტს, ბათუმში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარია მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”, ხოლო მსახიობის რანგში პირველად მიშა კობახიძის ფილმ “ქორწილში” გამოჩნდა.

1961 წლიდან იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” რეჟისორი. მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები 70-ზე მეტ მხატვრულ ფილმში. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის “ფეოლა”, “გლადიატორი”, “ვალსი მთაწმინდაზე” და სხვ.

1969 წლიდან იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა(2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “თბილისი – თბილისი“.
ბაადურ წულაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გადაცემაში “სხვა მხარე”

ბაადურ წულაძე დასთან ერთად
ფოტო: ნანუკა ჩხეიძე

 

 

მსგავსი თემები