კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კალიების საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიებთან ბრძოლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იტალიური და მაროკოული კალიების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აღინიშნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან და ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, სპეციალიზებული ტექნიკითა და პრეპარატებით ინტენსიურად ამუშავებენ ფართობებს. ფერმერების განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა შემცირდა, რაც ხელს უწყობს ნათესების გადარჩენას.

აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ 80 ათასი ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია, მათ შორის, კახეთში 21 000 ჰა, ქვემო ქართლში 45 000 ჰა, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში 14 000 ჰა.

მაროკოული და იტალიური კალია არის მავნებელი, რომელიც აზიანებს მარცვლოვან, ბოსტნეულ-ბაღჩეულ და მრავალწლოვან კულტურებს, იკვებება მცენარის მწვანე საფარით და, ხშირად, მთლიანად ანადგურებს ნათესებსა და ნარგავებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები