,,მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ოპონენტებს  ვეტყოდი – მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, როცა ის შენს ქვეყანასა და საზოგადოებას ასე სჭირდება,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან წასულმა  დეპუტმა დიმიტრი ხუნდაძე განაცხადა.

ხუნდაძის  თქმით, მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა ,,ხალხის ძალა” იქნება მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოში.

„როდესაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ლეგიტიმური კითხვები ისმება და პასუხები არ ჩანს, ესე იგი, რაღაც ხდება. როცა საჭიროა, კითხვების დასმაც უნდა გავბედოთ და პოზიციის დაფიქსირებაც. ამას არავის კარნახი არ სჭირდება. კითხვების თავდასხმად მონათვლაც, მისგან თავის არიდების იარაღია. კითხვა მაშინ შეიცავს საფრთხეს, როდესაც მასზე პასუხი დასამალი ხდება.

ის რომ „დიდს ” “პატარამ” ვერ უნდა ჰკადროს, ანუ „უფროს ძმაზე” დამოკიდებულების შედეგი, ხომ უკვე ვიცით. ვიცით ომისა და მშვიდობის ფასიც. ვიცით პარტნიორული ურთიერთობის წესებიც და ისიც ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება უპირატესია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.

ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ღირსების სანაცვლოდ ყველაფერს მიიღებს. სწორედ დასავლური სტანდარტია საჯარო პოლიტიკა, სადაც ხალხს შეუცვლელი როლი ეკუთვნის. ხალხის ძალა კი ყველასათვის ანგარიშგასაწევი უნდა გახდეს.

დესტრუქციული ოპოზიციისთვის ხალხის ძალა კარგად ნაცნობია და სწორედ ამიტომ ააფორიაქა ისინი ჩვენმა გადაწყვეტილებამ, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – “ხალხის ძალა”. სწორედ ეს ძალა იქნება მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოში. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის როლი გაძლიერდეს. ოპონენტებს კი ვეტყოდი – მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, როცა ის შენს ქვეყანასა და საზოგადოებას ასე სჭირდება.

აბა მითხარით, თქვენს იმედზე ხალხი როგორ უნდა იყოს და რომელ ბრძოლაში უნდა გამოგყვნენ?“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები