,,უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულმა კონფლიქტურმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა.

,,ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში.

„2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ სრულიად აშკარა ვითარებაში – ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“, რუსეთმა თავი აარიდა დაუყოვნებლივ და ხელშესახებ პასუხისმგებლობას, შეინარჩუნა ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები სამყაროსთან. ახლა გლობალურ ურთიერთობებში მრავალს სჯერა, რომ ესეც გამოუვა. სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ერმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმ გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება. ამ სიმყიფის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და ამან რომ იმუშავოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, საჭიროა გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები