მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესს დააზიანებს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს.

მისივე თქმით,  მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე მსჯელობა, რომ  საუკეთესო კანდიდატურა შეირჩეს.

,,ახლა რომ დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე ამით მე მგონი ყველაზე მეტად დავაზარალებთ პროცესს, რომელიც 12- პუნქტიანი გეგმის თანახმად უნდა წარიმართოს და პროცედურების გადახედვის და შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ აჯობებს კანდიდატურის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება და ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს ფუნქციებს, რაც სახალხო დამცველს ეკისრება. წინასწარ კანდიდატურებზე საუბარი არის დამაზიანებელი პროცესის, რომელიც უნდა წარიმართოს 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის არათუ მზად არ ვართ, არამედ პროცესს დააზიანებს, რადგან მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატურა. მე არ მაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და რომც მქონდეს თავს შევიკავდებდი კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისგან”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით,  სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის, ზაზა ხუციშვილის და ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურა.

მსგავსი თემები