,,ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად”- ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

წერილში პატრიარქი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა სულთათვის ლოცვები აღევლინება.

„აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის ლოცვებს, რათა მათ სავანესა მართალთასა განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები