„გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“ – პრემიერი ახალგაზრდებს მიმართავს

  •  

 

მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ახალგაზრდების მისამართით განაცხადა, რომ პირადად არის იმის გარანტი, რომ დღეს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ადამიანების სიცოცხლისა და ქვეყნის მომავლის დასაცავად. ხოლო ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთი მხრივ -ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით ჰუმანური – მომხმარებლების მიმართ, არაერთხელ ითქვა.

“შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

​როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ განცხადება გუნდის სახელით გააკეთა და სწორედ გუნდის პოზიციაა გაერთიანება უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის, არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

„ ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. პირადად მე ვარ იმის გარანტი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს. რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის. ის, რომ ადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზეც დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა”, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია, რასაც ქვეყნის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

 

მსგავსი თემები