,,უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაცია და საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, უკრაინელი დევნილებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა რაიონში ბინები იქირაონ.

„უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით საკითხს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ივლისში გამოიცა მთავრობის დადგენილება და მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროებში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით. ასევე, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ამისი საჭიროება აქვს, 45 ლარით.

მინდა, მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან მივედით ამ თანხებამდე და თუ როგორი პრაქტიკაა დღეისთვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებული და ყველა ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე, ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის. მათთვისაც ზუსტად ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად. ასევე 45-ლარიანი დახმარება ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენს დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და საკითხის რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.

დღეიდან უკვე ლტოლვილების დიდი ნაწილი სასტუმროებიდან გამოვიდა. უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ ეს დახმარება. ჩვენი დევნილების სააგენტოს თანამშრომლები სამი კვირის განმავლობაში ადგილზე დადიოდნენ სასტუმროებში და ყველა ლტოლვილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განცხადებები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ შესაბამისი დახმარებები. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „ლიბერთი“ ბანკს. ასევე, ამ თანხების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან ხდება ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონში. ჩემმა თანამშორმლებმა მოიძიეს ბინები, სადაც შეიძლება, ქირაობდა და ამ შეთავაზებებსაც ისინი უკეთებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები