,,ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველ წელს, 2026 წლამდე, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება. პრემიერის თქმით,   საჯარო სექტორში არსებული შრომითი ანაზღაურება კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებას საგრძნობლად ჩამორჩება.

,,სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება. დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. და, რა თქმა უნდა უფრო, მეტი თანხა გვექნება გადასანაწილებელი თვეების მიხედვით და უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება.

ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოაგდოებას, რომ ჩვენი, საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017-დან 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო.

ჩამორჩენა იმდენად დიდია, ჩვენ თუ შევადარებთ ხელფასებს კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ ჩემი დავალებით წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში გაიზარდა 10%-ით, ყველა საჯარო მოხელესთვის.

ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები